2022 წლის 20 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა ღონისძიება, სადაც ვიდეო-კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ მონაწილე სკოლების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილ იქნა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი ვიდეო-რგოლი.
აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო საგანმანათლებლო სისტემაში გენდერულად პასუხისმგებლიანი და სტერეოტიპებისგან თავისუფალი სწავლების დანერგვის ხელშეწყობა. პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში საქართველოს 97-მა სკოლამ უკვე დაიწყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით მუშაობა მასწავლებელთა გადამზადებისა და მოსწავლეთა შორის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ღონისძიების მასპინძლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი ლიკა სიდამონიძე, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამულმა დირექტორმა ნათია გორგაძემ.
კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ გამარჯვებულ სკოლებს/მოსწავლეებს, საუკეთესო ვიდეო-რგოლების წარდგენისთვის სიმბოლურად ფოტოკამერები, სერტიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის” ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) ახორციელებს. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.