Shalva Tabatadze

„ასე გამოდის, არ ვენდობით არავის. ფაქტობრივად, სამინისტრო არჩევს მასწავლებელსაც კი. მალე სამინისტრო იქნება სკოლები და გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს“, – ასე აფასებს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც სკოლებში მასწავლებლის დასაქმების ახალ წესს ეხება. ის ინტერვიუში იმ მექანიზმებზეც საუბრობს, რაც სკოლის დეცენტრალიზაციას გაზრდიდა და არ გააძლიერებდა ცენტრალურ ვერტიკალს.

ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა ტიპის საფრთხეს უქმნის სკოლების დეცენტრალიზაციას მასწავლებლის შერჩევის წესში შესული ცვლილება?
მოდით, დავიწყოთ აქედან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? სავარაუდოდ, ეს გამოიწვია იმან, რომ სკოლებში მასწავლებლების შერჩევა არ ხდება გამჭვირვალედ, არამედ ადგილი აქვს ნეპოტიზმს.

მასწავლებლის პროფესიაში შესვლა რომ არ ხდება რეალურად კონკურენციისა და გამჭვირვალობის პირობებში, ამაზე მეტყველებდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, როცა საცდელად შეიტანეს განაცხადი რამდენიმე სკოლაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ძალიან სერიოზული რეზიუმეთი, თუმცა არც კი დაუკავშირდნენ სკოლებიდან.

განსაკუთრებით სერიოზულია პრობლემა რეგიონებში, სადაც სკოლის დირექტორებისთვის სკოლა გადაიქცა საკუთარი საახლობლოს და სანათესავოს დანიშვნის მექანიზმად, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში, სადაც ჩვენ გვყავს ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები, რომლებმაც არ იციან ქართული.

ამავე დროს, „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“ აქვს პროგრამა, რომელიც არაქართულენოვან სკოლებს სთავაზობს დახმარებას. სკოლას შეუძლია მოითხოვოს ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელი, თუმცა სკოლებისგან მოთხოვნა არ მოდის. იმიტომ, რომ ამ თანამდებობებზე ჰყავთ კადრები, რომლებიც არიან მათი ნათესავები.

პრობლემაა ისიც, თუ როგორ ხდება რეაგირება ამ პრობლემაზე, რადგან სამინისტრომ ამის მოსაგვარებლად შექმნა დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმი, როცა მასწავლებლის შერჩევაში სამინისტროს, რესურსცენტრის და პროფკავშირის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ეს არის სავალდებულო. იმის ნაცვლად, რომ სისტემის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, თუ როგორ ავირჩიოთ გამჭვირვალედ მასწავლებლები.

მეორე მხრივ კი, გვყავდეს ისეთი დირექტორები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე და არა ნეპოტიზმზე – ნათესავის და შინაურის აყვანაზე; გვქონდეს ისეთი ანგარიშვალდებულების სისტემა, როცა დირექტორის ინტერესი იქნება კვალიფიციური მასწავლებლის შერჩევა, რომ დირექტორი იყოს ანგარიშვალდებული სკოლის, თემის და სამინისტროს წინაშე, ვაძლიერებთ ცენტრალიზებულ კონტროლს, ანგარიშვალდებულების სისტემების შექმნის ნაცვლად ვქმნით სისტემას, სადაც მასწავლებელსაც კი სამინისტრო აარჩევს.

არ ვენდობით არავის, ამიტომ სამინისტრო აკეთებს ყველაფერს. გამოდის, რომ მალე სამინისტრო იქნება სკოლები, გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს და ყველა სკოლას სამინისტრო მართავს.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება აზარალებს მთელ სისტემას, ნაცვლად იმისა, რომ შევქმნათ ჯანსაღი, გამართული, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სკოლის მართვის მოდელი. დირექტორის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების ნაცვლად ყველა ფუნქცია ამოგვაქვს ზემოთ – სამინისტროში. ჩემთვის წარმოუდგენელია ეს.

სკოლები ისედაც არ იკლავენ თავს ვაკანსიების გამოცხადებით, რადგან, ზოგადად, სისტემიდან არ არის დიდი გასვლა და ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი, რადგან ჩვენ კიდევ გვყავს საპენსიო ასაკის პედაგოგები. ამ პირობებში შეუძლებელია კადრების განახლება და მეორე მხრივ, მიუღებელია ამ ფორმატით ასე რეაგირება პრობლემაზე.

სამინისტრო ბოლო წლებში ხშირად იმეორებდა, რომ „სკოლას უნდა ვენდოთ“. საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა სკოლის ლიდერობის პროექტზე, რომელსაც თანამედროვე დირექტორები უნდა მოემზადებინა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სამინისტრო მაინც არ ენდობა დირექტორებს. ეს მხოლოდ დირექტორის პრობლემაა თუ იმის, რომ თვითონ დირექტორები ინიშნებიან ან პოლიტიკური, ან ნეპოტიზმის ნიშნით?
ლიდერობის პროგრამაზე დაიხარჯა გარკვეული ფინანსები, თუმცა რეალურად, ეს არ ყოფილა დირექტორების პროფესიული განვითარების უწყვეტი პროცესი.

არც ერთიანი ხედვა ჰქონია სამინისტროს, თუ როგორი დირექტორი გვჭირდება, როგორ ვაფასებთ მას, მის პროფესიულ განვითარებას, რა ტიპის ავტონომიურობას ვანიჭებთ, რა ტიპის ანგარიშვალდებულების სქემა გვაქვს ან მხარდაჭერის სისტემა. ეს ყველაფერი არ იყო გააზრებული და რაც არ უნდა ტრენინგები უტარო დირექტორს, რომელიც შეზღუდულია გარკვეულ უფლებებში და არც კომპეტენცია გააჩნია, შედეგს ვერ მოიტანს.

გარდა ამისა, თუკი დირექტორს არ აქვს ანგარიშვალდებულება მოსწავლეების შედეგებზე, რა თქმა უნდა, ის ორიენტირებული იქნება პირად კეთილდღეობაზე ამ შემთხვევაში.

ამიტომ მნიშვნელოვანია მთლიანობაში გავიაზროთ ეს საკითხი და არა ის, რომ თურმე მასწავლებლების შერჩევა გაუმჭვირვალედ ხდება, ახლა სამინისტრო თავის კადრებს ჩასვამს კომისიაში და ეს გადაჭრის პრობლემას.

რეალურად, ეს ამახინჯებს ისედაც შესაცვლელ სისტემას, რომელიც პირიქით, უნდა გაკეთილშობილდეს და წავიდეთ ამ მიმართულებით და არა უარესისკენ.

რეალურად, როგორი უნდა ყოფილიყო რეაგირება ნეპოტიზმზე? როგორია ევროპული გამოცდილება ამ მხრივ?
გააჩნია, დეცენტრალიზაციის რა დონეზე ვსაუბრობთ. იგივე აშშ-ში მასწავლებლის შერჩევაში სასკოლო ოლქი მონაწილეობს, რომელიც პასუხისმგებელია მთელ მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლაზე. სასკოლო ოლქი დაახლოებით ისეთივე სტრუქტურაა, როგორიც ჩვენთან რესურსცენტრები. უბრალოდ, დეცენტრალიზაციის მექანიზმი გადასულია ოლქის დონეზე. სამეურვეო საბჭო ჰყავს სასკოლო ოლქს და არა – სკოლას. ფინანსურ გადაწყვეტილებებსაც იღებს სასკოლო ოლქი, ამიტომ ერევა მასწავლებლის შერჩევაშიც სკოლის დონეზე.

თუმცა აქ მთავარი გამოცდილება არის სწორედ ის, რომ სკოლები ავტონომიურები არიან ზოგადად. ხელმძღვანელს არანაირი ინტერესი არ აქვს, არაკვალიფიციური კადრი აიყვანოს. მისი ინტერესია ყველაზე კვალიფიციური კადრის მოძიება, რადგან ანგარიშვალდებულია როგორც საბჭოს, მშობლების და თუნდაც ფედერალური თუ ცენტრალური მთავრობის წინაშე. ეს მექანიზმები უწყობს ხელს იმას, რომ სკოლა დაინტერესებულია კვალიფიციური კადრების დასაქმებით და არა ნათესავის ან ახლობლის.

ასევე, არსებობს სერიოზული მხარდამჭერი მექანიზმები სკოლისთვის, რომელიც ეხმარება მას ამ ავტონომიურობაში, რომ სკოლის დირექტორმა თავისი მოვალეობები სრულყოფილად შეასრულოს.

ჩვენთან გვაქვს სხვა სისტემა. გვყავს დანიშნული, არაკვალიფიციური, არასერტიფიცირებული დირექტორები, რომელთაც განათლების სამინისტრო არ ენდობა, მაგრამ მაინც თვითონ ნიშნავს. შესაბამისად, არც დირექტორია სკოლის და თემის წინაშე ანგარიშვალდებული. ყველაფერი ამოდის ზევით, სამინისტროსთან, რომელიც თბილისში წყვეტს ყველაფერს. სრულად დამახინჯებული სისტემაა.

სამეურვეო საბჭოებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად აღარ არსებობს?
ახლა ახალი არჩევნები უნდა იყოს საბჭოების, თუმცა ეს საბჭოები ზოგადად, სკოლების უმრავლესობაში არაეფექტურია და ფორმალურ ხასიათს რომ ატარებს, ამაზე სამინისტროშიც კი აღარ კამათობენ.

სამეურვეო საბჭოები აღარ არის იმ ფუნქციის მატარებელი, რითაც შესაძლებელია პასუხისმგებლობის ან ანგარიშვალდებულების შექმნა დირექტორისთვის.

სოციალურ ქსელებში განხილვისას ზოგიერთი მასწავლებელი ამბობდა, რომ ახალი ცვლილება დაასრულებს დირექტორის მხრიდან ნეპოტიზმს, მაგრამ ახლა სამინისტრო დაიწყებს მისთვის სასურველი კადრების დასაქმებასო. არის ამის რისკები?
პროგნოზირება ცოტა მიჭირს, რადგან ამის ადმინისტრირების პროცესიც რთულად წარმომიდგენია, რადგან ყველა უწყებას თავისი წარმომადგენელი ეყოლება და ყველას ერთიანად მოსყიდვა ცოტა რთულად წარმოსადგენი პროცესია. თუმცა კონკრეტული მასწავლებლების შემთხვევაში რამდენად თავისუფალი იქნება ეს პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან, არ ვიცი.

თუმცა არსობრივი პრობლემა თვითონ ამ სტრუქტურაშია, რა ფორმითაც ვირჩევთ მასწავლებლებს და არა იმაში, რომ მაინც და მაინც ნეპოტისტური იქნება.

ეს ცვლილება აჩვენებს თუ არა იმას, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ სკოლის ავტონომიურობისკენ გადადგა აქამდე, არის ფუჭი?
რეალურად, ასეთი ნაბიჯები დიდად არც გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით „ახალი სკოლის მოდელს“ და მის იდეას. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული და სამინისტროს სურვილის დონეზე აქვს გაცხადებული, რომ სკოლას ჰქონდეს მეტი ავტონომია, თუმცა ეს სურვილი რეალიზებული არ არის. არც დაწყებულა.

ამ კონტექსტში თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, იმ ხედვის საწინააღმდეგოა, რაც დეცენტრალიზაციას ახლავს.

თუმცა სამინისტროშიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ჯგუფია, რომლებიც არ არიან ერთიან პოზიციაზე შეჯერებული. არის ჯგუფი, რომელიც მომხრეა სკოლის დეცენტრალიზაციის, არის ისეთი ჯგუფიც, რომელიც კონტროლის მომხრეა.

ამ ჯგუფებიდან რომელს მეტი გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის რთული სათქმელია.

 

წყარო: ბათუმელები