სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პროექტში "გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკა" ჩართულ სკოლებთან საკონსულტაციო და შეფასებითი ვიზიტები დაიწყო. სკოლებთან სტუმრობის მიზანია პროექტის ფარგლებში ჩატარებული დირექტორებისა და პედაგოგების ტრენინგების შედეგად გენდერულად მგრძნლობელი სასკოლო პოლიტიკის ცვლილებების ნახვა, დამატებითი კონსულტაცია და სკოლებისაგან პროექტის შესახებ უკუკავშირის მიღება.
რეგიონალური ვიზიტების ფარგლებში უკვე რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ. სკოლის მოსწავლეებისა და ადმინისტრაციის თანხმობით გიზიარებთ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტო -მასალას და სკოლის მიერ განხორციელებულ-დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოკლე ინფორმაციას:
სკოლა მას შემდეგ, რაც პროექტში ჩაერთო აქტიურად გახდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გამტარებელი: სკოლის ადმინისტრაციამ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების პედაგოგებმა უკვე ჩაატარეს თემატური დისკუსია-დებატები ადრეული ქორწინების, საქართველოში პოლიტიკური ქორწინებისა და მათი გავლენების შესახებ. ადმინისტრაციის აღნიშვნით, დებატებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
სტუმრობისას შევნიშნეთ, რომ საკლასო ოთახებსა და სკოლის დერეფნებში დაწყებულია ბავშვების პროექტების გამოფენა. ჩვენი პროექტის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო გამოჩენილი ქალი მხატვრების, მომღერლების, მწერლების, პოლიტიკოსების პორტრეტებისა და მათ შესახებ მცირე ისტორიების სასკოლო სივრცეში გამოფენა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
სკოლამ პროექტის ფარგლებში განავითარა ახალი სასწავლო კურიკულუმი, რომელიც მოიცავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და გენდერული სტერეოტიპების შემცირებისკენ მიმართულ საკითხებს, მაგალითად: გენდერის თემატიკის გათვალისწინებით ნახატების, სლოგანების მომზადებასა და სასკოლო სივრცეში პრეზენტაცია-გამოფენას, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეთა კონფერენციის ორგანიზებას, საგნობრივ კათედრებზე სკოლაში გამოყენებული სახელმძღვანელობის გენდერულ ანალიზსა და განხილვას, სახელმძღვანელოების გენდერული დისბალანსის სხვადასხვა საკლასო აქტივობით დაბალანსების საკითხებს. აგრეთვე სასკოლო საჭიროებათა კვლევას: „გენდერი, როგორც სასკოლო ხედვის მიმართულების გაუმჯობესებისათვის“, მასწავლებლებთან პერმანენტული შეხვედრების ორგანიზებას თემაზე „გენდერულად მგრძნობიარე სასკოლო გარემო“.
შეხვედრები ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.